სოციალური ქსელების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე ყოველდღიურად იზრდება და ასევე იზრდება მისი გამოყენების მასშტაბებიც. Youtube-ც სოციალური ქსელია და არა მხოლოდ ვიდეოების ონლაინ პლატფორმა – მის განვითარების ეტაპებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პლატფორმის ფუნქციონალი ყოველდღიურად იზრდება: თუ ადრე მხოლოდ ვიდეოების დადება იყო შესაძლებელი, შემდეგ უკვე პოსტები, Shorts (Instagram-ის Reels-ის ანალოგი) და კიდევ უამრავი რამ დაემატა. მოკლედ, პლატფორმა მუდმივად ზრდის რეჟიმშია.
ქართულ რეალობაში, Youtube გასართობ პლატფორმად უფრო პოზიციონირდებოდა და ხალხს არ ჰქონდა გააზრებული არც მისი და არც იუთუბერობის, როგორც პროფესიის პოტენციალი. სიტყვა იუთუბერიც სულ რამდენიმე წელია რაც აქტიურად გვესმის, არადა პლატფორმა უკვე 16 წელია რაც არსებობს.
მართალია მონეტიზაციით ქართულ ბაზარზე ფულის შოვნა ძალიან რთულია, მაგრამ სპონსორების საშუალებითაც შეიძლება არხის არსებობა და განვითარება. შეიძლება უცხოელ იუთუბერებთან შედარებით ქართველებს ბევრად ნაკლების საშუალება აქვთ (2020 წლის ყველაზე შემოსავლიან იუთუბერებს, ფორბსის მიხედვით, 25-30 მილიონი დოლარი ჰქონდათ შემოსავალი 💰), მაგრამ ბოლო წლებში ძალიან ბევრი წარმატებული იუთუბ არხი გამოჩნდა ქართულ სივრცეში. მათი საშუალებით მილიონების შოვნა გაჭირდება, მაგრამ შემოსავლიან სამსახურად ნამდვილად შეიძლება იქცეს 🤙🏻
მოკლედ, ამ სტატიაში მინდა მოგიყვე იმ ყველაფერზე, რაც უნდა გაითვალისწინო რომ Youtube-ზე წარმატების მიაღწიო. აბა წავედით 👇🏻
1. გამოიყენე თვალშისაცემი ვიზუალი და მოკლე აღწერა 💥
Youtube-ზე კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება და თუ გინდა რომ შენს კონკურენტებს აჯობო, მაშინ მთელი შენი კრეატივის გამოყენება მოგიწევს. ვიზუალი და სათაური არის ის, რაც მაყურებელს ხვდება პლატფორმაზე შესვლისას. გადაწყვეტილების მომენტში ის არჩევანს იმ ვიდეოზე გააკეთებს, რომელიც მის ყურადღებას მიიქცევს, მისთვის უფრო ხარისხიანი და საინტერესო იქნება. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევ, მაშინ ნურაფრის იმედი ნუ გექნება.
2. შექმენი დასამახსოვრებელი არხის Icon 🥸
Icon ერთგვარი ლოგოა შენი Youtube არხის. მისი და შენი არხის ბანერის ვიზუალი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ორივე მათგანი უნდა იყოს დასამახსოვრებელი და აურას უნდა ქმნიდეს. როცა მაყურებელი შენი არხის გვერდზე შემოვა უნდა გრძნობდეს სხვაობას შენსა და შენს კონკურენტებს შორის.
მაგალითათ შემიძლია J.J. McCullough გაჩვენო, რომელიც საკუთარი თავის კარიკატურას იყენებს ლოგოდ და ასე გამოხატავს, როგორც მის შემოქმედებას, ასევე მის პიროვნებას.
3. შექმენი Playlist-ები 🎞
საკუთარ ლეპტოპში რომ ვერ არჩევ რა ვიდეოს სად მიაგნო, აბა წარმოიდგინე ვინ დაიწყებს შენს იუთუბზე ძრომიალს და იმის გარკვევას, რომელი ვიდეო რომელს ეხება თემატურად?
რა თქმა უნდა, არავინ. ამიტომ ფლეილისთები უნდა შექმნა. მაგალითად, იუთუბერ გიორგი სარიშვილს აქვს ტესტ-დრაივებიც და კონკრეტული საპროექტო მანქანებიც. შეგიძლია ჩართო Mercedes Benz C63S-ის ფლეილისთი და ამ მანქანაზე რამე თუ გადაუღია Auto-Play-ს საშუალებით უყურო. ეს უფრო მეტ შანსს გაძლევს, რომ მაყურებელი შენი ვიდეოს ყურების შემდეგაც შენს არხზე დარჩეს.
4. შექმენი შენი არხის თრეილერი 🎥
როცა შენი არხი მაყურებელს შეხვდება, თრეილერი არის საშუალება, რომ შემოიჭყიტოს შენს არხზე და სულ რამდენიმე წუთში გაიგოს რას აკეთებ. ძალიან მოკლედ, 1-3 წუთში უნდა აჩვენო რას აკეთებ ამ არხზე და რატომ იქნება ეს მისთვის საინტერესო. ისევ და ისევ – კრეატიული უნდა იყო!
5. შექმენი განსაკუთრებული კონტენტი
ძაან ჭკვიანური რაღაც უნდა გითხრა: მაყურებლებს კარგი ვიდეოების ყურება უყვართ.
კი გითხარი ისეთი რაღაც, რაც ნებისმიერმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ იუთუბერებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ჰგონიათ, რომ რაც მათ მოსწონთ, ის აუცილებლად კარგია. სინამდვილეში, მათი კონტენტი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ხალხს უნდა რომ იყოს. სხვა შემთხვევაში ვიდეოს იუთუბზე დადებ თუ მყარ დისკზე შეინახავ მნიშვნელობა არ აქვს: შენს გარდა მაინც არავინ არ უყურებს.
კარგი კონტენტის გარდა მნიშვნელოვანია ვიდეოს ჩონჩხი. წარმატებულ იუთუბ ვიდეოებს ძალიან ხშირად ყურადღების მიმქცევი ინტრო აქვს, რომელსაც კარგი მუსიკაც ადევს ფონად. შესაძლოა 25 წუთიანი ვიდეოს ბოლო 5 წუთი ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ იქამდე მაყურებელს 20 წუთი აქვს სანახავი. ამ 20 წუთის “გასაძლებად” კი ინტრიგა სჭირება, რომელიც პირველივე წამებში უნდა მისცე.
6. დაგეგმე ვიდეოების კალენდარი 📅
ინსტაგრამზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში თუ გინდა რომ ბევრი ლაიქი მოიპოვოს შენმა პოსტმა როდის დებ? რა თქმა უნდა მაშინ, როცა ფიქრობ, რომ მეტი ხალხი ნახავს. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დილის 4 საათზე დადო. Youtube-ზეც ამის გათვალისწინება მოგიწევს: ვიდეო უნდა დადო მაშინ, როცა უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მას ხალხი უყურებს.
ამ შემთხვევაში გამოცნობანას თამაში ნამდვილად არ მოგიწევს. შენი არხის Analytics-ის საშუალებით გაიგებ კვირის რომელ დღეს და რა მონაკვეთში ჯობია ვიდეოს დადება. აქ ჯობს Youtube-ს ენდო და არა შენს ინტუიციას: როცა გეუბნება რომ ჯობს, მაშინ დადე რეგულარულად.
7. შეისწავლე შენი აუდიტორია 📑
შენი წარმატება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გიყურებს მომხმარებელი და მოსწონს შენი ვიდეოები. შეიძლება გიყურებს, მაგრამ Subscribe-ს ღილაკს მაინც არ აჭერს და ნერვებს გიშლის.
ხოდა კარგად უნდა გაიგო ვინ არის შენი მაყურებელი, რა მოსწონს, რა არ მოსწონს და დასკვნები გააკეთო. არხის ანალიტიკაში შეგიძლია ნახო ციფრები, რომლებზე დაყრდნობითაც მიხვდები, რომელმა ვიდეომ გააკეთა საქმე და რომელმა ვერ.
8. სცადე Youtube-ზე დარეკლამება და კოლაბორაციები 🤝🏻
თუ ფიქრობ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ და უბრალოდ ვერ მიხვედი იმ ხალხთან, რომელსაც დააინტერესებს შენი ვიდეოები, მაშინ რეკლამა შეგიძლია სცადო. რეკლამაში ვგულისხმობ, როგორც კოლაბორაციებს, ასევე კლასიკურ რეკლამას.
კოლაბორაციის დროს ცოტა გამართლება და ცოტა “ქართული ჯიგრული პონტი” გინდა. ანუ, ვინმე იუთუბერმა უნდა გამოგიწოდოს დახმარების ხელი და ერთი-ორი სიტყვა შეგაწიოს ვიდეოში. ცხადია თემატურად ძალიან აცდენილი არ უნდა იყოს და ბავშვების კონტენტის მქონე იუთუბერს იარაღების გაპიარება არ უნდა თხოვო.
რაც შეეხება კლასიკურ რეკლამას, კარგი ტარგეტინგის საშუალებით ნამდვილად შეიძლება Youtube-ზე შენთვის სასურველ ხალხს მიაგნო. თუ რეკლამის დროს მაყურებელს საინტერესო ვიდეო შეხვდება, შესაძლოა საერთოდ აღარ გააგრძელოს იმ ვიდეოს ყურება და შენს არხზე გადმოვიდეს.
9. თხოვე შენს მაყურებლებს რომ გამოგიწერონ 🙏🏻
ფრაზა, რომელიც ყველა იუთუბერს პირზე აკერია: “დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი”. შეიძლება მაყურებლისთვის ცოტა მომაბეზრებლად ჟღერდეს, მაგრამ სხვანაირად განვითარება წარმოუდგენელია.
პირველ რიგში იმიტომ, რომ გამომწერი იღებს მესიჯს, რომ შენ ახალი ვიდეო დადე და შეუძლია ნახოს. ეს ზრდის შანსს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს შენი ვიდეო. ასევე უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ პლატფორმის ალგორითმი სხვასაც შესთავაზებს შენი ვიდეოს ყურებას.
და რაც ყველაზე მთავარია, ანუ ის, რის გამოც იუთუბერობას იწყებ: ფული. როცა 1000 გამომწერს და 4000 ნანახ საათს დააგროვებ შეგიძლია მონეტიზაცია დაიწყო. მართალია მონეტიზაციით ქართულ რეალობაში ფულის შოვნა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც. და ასევე, როცა სპონსორის მოძიების დრო დადგება, მათთვის მთავარი ციფრებია: რამდენი გამომწერი გყავს, რამდენი ადამიანი გიყურებს სტაბილურად, რამდენი ალაიქებს შენს ვიდეოებს, რამდენი აკომენტარებს და ა.შ. თუ ციფრები შთამბეჭდავი არ იქნება, მაშინ მორიგი უსპონსორო იუთუბერი იქნები, რომელიც დონაციაზე იქნება დამოკიდებული და ბოლოს, ალბათ, საერთოდ დაანებებს თავს იუთუბერობას.
10. გახადე შენი არხი შესამჩნევი 🚨
ალბათ ბევრჯერ შეგხვედრია არხი, რომელსაც ძალიან კარგი კონტენტი აქვს, კარგი ვიდეოები, მაგრამ არავინ არ უყურებს. ძირითად შემთხვევებში ეს თავად იუთუბერების ბრალია. მნახველების და გამომწერების რაოდენობა რომ გაზარდო შენი ვიდეოების და არხის ოპტიმიზაციაა საჭირო.
ვიდეოს სათაურის ოპტიმიზაცია
სათაური აუცილებლად გასაგები და ინფორმატიული უნდა იყოს. მნახველი ზუსტად უნდა მიხვდეს რა ელის სათაურის მიღმა და რა ვიდეოს ნახავს, თან ცოტა ინტრიგასაც თუ ჩადებ უფრო დიდი შანსია რომ მომმხარებელმა ვიდეო გახსნას. მაგრამ სათაური მხოლოდ მაყურებლისთვის არ არის. ის საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვისაცაა. როცა მომხმარებელი დაგუგლავს ან Youtube-ზე მოძებნის რამეს, მას შენი ვიდეო უნდა შეხვდეს. ამისთვის საჭირო ინფორმაციის ჩადება და Keyword-ების გამოყენება იქნება საჭირო.
ვიდეოს აღწერის ოპტიმიზაცია
ვიდეოს აღწერა მოკლე უნდა იყოს. თუმცა, აღწერა მხოლოდ ვიდეოზე სალაპარაკოდ არ არის: კარგი იქნება თუ შენი არხის სხვა Playlist-ებს და თუნდაც სხვადასხვა სოციალურ ქსელებსაც დაურთავ.
დაამატე Tag-ები
თაგების დამატება ის დეტალია, რომელსაც ყველა გამოცდილი თუ გამოუცდელი იუთუბერი უნდა იყენებდეს. თაგები უფრო მეტ შანსს გაძლევს, რომ შენი ვიდეოები საჭირო მომხმარებლამდე მივიდეს. ანუ, თუ ვიდეოების დადებას აპირებ მანქანების შესახებ, მაშინ თაგების საშუალებით ისეთ მომხმარებელზე გახვალ, რომელსაც ასეთი კონტენტი აინტერესებს. ამ ყველაფერში Youtube-ს ალგორითმი გეხმარება.
მაგრამ, ეს ყველაფერი არ ნიშნავს რომ ზომიერება არ უნდა გაითვალისწინო. თაგები შენი კონტენტის შესაბამისად უნდა შეარჩიო და თან ზომიერების ფარგლებში.
11. არ დაკმაყოფილდე მხოლოდ Youtube-ს
იუთუბერების ამხელა შემოსავალს ის განაპირობებს, რომ ისინი მხოლოდ Youtube-ზე პოპულარობას არ კმაყოფილდებიან. თანაც, მხოლოდ ამ პლატფორმაზე თუ იქნები დაკარგავ შანსს, რომ სხვა სოციალურ ქსელებში არსებულ მომხმარებლებსაც აჩვენო შენი არხი. მოკლედ, იუთუბერობასთან ერთად სხვა პლატფორმებსაც თუ გამოიყენებ, შენი წარმატების შანსი ბევრად გაიზრდება.
მართალია ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და Youtube-ზე წარმატების მიღწევას კიდევ ბევრი რამ სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სტატია აუცილებლად დაგეხმარება. მოკლედ აბა შენ იცი და წარმატებული იუთუბერი რომ გახდები, Digital Bus Academy არ დაივიწყო 👀
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში