21-ე საუკუნემ ძალიან ბევრი რამ შეცვალა და ამ ცვლილებებს შორის შეგვიძლია მუშაობის სტილიც ჩავთვალოთ. თუ ადრე სამსახური დილით ადრე ადგომასთან, სადღაც წასვლასთან და იქ საათობით ყოფნასთან ასოცირდებოდა, ახლა საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც მაშინ იწყებს, მუშაობას როცა უნდა, ისეთ გარემოში, როგორშიც უნდა და იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც უნდა. რა თქმა უნდა ფრილანსერებზე გიყვები, ანუ ხალხზე, რომლებიც თავად განსაზღვრავენ საკუთარ სამუშაო დღის წესრიგს 🗓
ეს ყველაფერი მომავლის პროფესიების სპეციფიკურობიდან გამომდინარეა. დამკვეთისთვის მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა იმას, თუ სად შექმნა ტექსტი ქოფირაითერმა, ან ვიზუალი გრაფიკულმა დიზაინერმა. ძალიან ბევრ პროფესიას სულაც არ სჭირდება ოფისში ჯდომა და იქ მუშაობა, მთავარია დამკვეთი იპოვო და საიდან იმუშავებ თავად გადაწყვეტ 🙌🏻
დამკვეთის პოვნა და მისი სანდოობა არის ის მთავარი თავის ტკივილი, რაც შეიძლება ფრილანსერობას თან ახლდეს. სწორედ ამიტომ, უნდა შეარჩიო კარგი პლატფორმა, სადაც არანაირი დისკომფორტი არ გექნება. ამ სტატიაში 4 საუკეთესო პლატფორმას გირჩევ ფრილანსერებისთვის 👇🏻
1. Upwork
Upwork ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა ფრილანსერებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა გრაფიკული დიზაინერი ხარ, SEO-ს სპეციალისტი, Front End დეველოპერი თუ რა, თუ დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია, მაშინ ამ პლატფორმაზე მუშაობას აუცილებლად შეძლებ.
დამკვეთები არიან როგორც პატარა კომპანიები და ფიზიკური პირები, ასევე დიდი კორპორაციები. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა შენი მუდმივი დამკვეთიც კი გახდეს.
რაც შეეხება წესებს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა და საჭირო ინფორმაციის გაგზავნა. ამის შემდეგ უკვე შეძლებ მუშაობის დაწყებას. გახსოვდეს, რომ წესები არ უნდა დაარღვიო. ბანის დადების შემთხვევაში Upwork-ზე მუშაობას ვერასდროს ვეღარ შეძლებ.
2. Freelancer
სახელწოდებაც ხელს უწყობს იმას, რომ ფრილანსერებს მუშაობის დასაწყებად პირველად სწორედ ეს პლატფორმა გაახსენდეთ. რამდენიმე წლის წინ შეიძლება უალტერნატივოც კი ჩანდა მისი მასშტაბურობის გამო, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად ვერ გეტყვი.
Upwork-ის მსგავსად Freelancer-ზეც ყველა პროფესიის ადამიანი შეძლებს საქმის მოძებნას და დამკვეთების პოვნას, თუმცა პრობლემა სულ სხვაა. Upwork-ზე დარეგისტრირება უფრო რთულია, მასზე ვერიფიკაციის გავლა, ნდობის მოპოვება და ა.შ. Freelancer-ზე ეს ყველაფერი ბევრად მარტივია და ამიტომ საშუალო ფასიც დაბალია. ძალიან ბევრი შემსრულებელია, რომლებსაც ძალიან დაბალ ფასადაც აწყობთ გარკვეული პროექტის აღება და ამიტომ არ ვიცი რამდენად საუკეთესო არჩევანია ეს პლატფორმა. თუ იმდენად დიდია შენი შესაძლებლობები, რომ დამკვეთებს მაღალი ფასის გადახდას “აიძულებ”, მაშინ უბრალოდ წარმატებებს გისურვებ 🤷🏻♂️
3. Behance
Behance ძალიან კარგი პლატფორმაა, თუმცა საკმაოდ განსხვავებულია წინა ორისგან. მასზე უფრო მეტად ის ხალხი აქტიურობს, ვისაც პორტფოლიოში კარგად შეუძლია იმის წარმოჩენა თუ რა შეუძლია: გრაფიკული, Motion და UX/UI დიზაინერები.
ასე რომ, თუ რომელიმე მათგანი ხარ ეს საიტი გამოგადგება. სიმართლე რომ ითქვას, ეს საიტი ისედაც გამოგადგება, რადგან პორტფოლიოს გაკეთება ძალიან საჭირო ამბავი გახდა და Behance მის გასაკეთებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
4. Fiverr
Fiverr საკმაოდ ჰგავს Upwork-ს და Freelancer-ს. თუმცა Upwork-სგან უფრო განსხვავებული ურთიერთობები ყალიბდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. Upwork-ზე უფრო დიდი შანსია, რომ დამკვეთთან გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს (რასაც, ცხადია, ნდობის მოპოვება სჭირდება, რაც ძალიან რთული ამბავია), ხოლო Fiverr-ზე უფრო ერთ კონკრეტულ პროექტზე ორიენტირებული დამკვეთები არიან, რომლებსაც უფრო ნაკლები შანსია სურვილი ჰქონდეთ, რომ მომავალშიც შენ დაგიკვეთონ.
პირობებიც და საიტის ფუნქციონალიც საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს Fiverr-ზე და Upwork-ზე, მაგრამ Upwork-ზე ცოტა უფრო მეტის გადახდა მოგიწევს საკომისიოში. Fiverr ასევე ჰგავს Freelancer-ს, რადგან არ გჭირდება ცხრათავიანი გველეშაპის დამარცხება რომ პლატფორმამ ვერიფიკაცია მოგცეს (Upwork-ზე ეს შეიძლება ნამდვილად დაგჭირდეს).
5. Arc.dev
თუ გამოცდილი ფრილანსერი ხარ წინა ოთხიდან ოთხივე გეცოდინებოდა და ზოგი მათგანი გამოცდილიც გექნებოდა. აი რაც შეეხება Arc-ს, ის გამოცდილების მიუხედავად, შეიძლება პირველად გაიგე (და რომ არ მოგატყუო მეც პირველად გავიგე, ჩვენმა დეველოპერმა მითხრა და სტატიაში მერე ჩავამატე 🙂 ) რა არის Arc? პლატფორმა ადრე სხვა მიზნებით და სახელით არსებობდა. ახლანდელი ფორმით სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება და მას უკვე ისეთი კომპანიები იყენებენ აქტიურად, როგორებიცაა Spotify და HubSpot.
Arc.dev – არის ერთ-ერთი საუკეთესო ვებ-საიტი ფრილანსერი დეველოპერებისთვის. მართალია დეველოპერები სხვა პლატფორმებზეც არიან, მაგრამ Arc რამდენიმე მიზეზით არის გამორჩეული: ისჯერ არ არის “დაბინძურებული” არც ცუდი დამსაქმებლებით და არც ფრილანსერებით. ასევე, ამ პლატფორმაზე უფრო დიდი შანსია იპოვო მაღალანაზღაურებადი და გრძელვადიანი სამუშაო, ვიდრე სხვაგან. მოკლედ თუ დეველოპერი ხარ, ცდად ნამდვილად ღირს.
შეჯამების სახით ის შემიძლია გითხრა, რომ ფრილანსერები ხუთივე პლატფორმაზე საკმაოდ არიან და თუ რომელიმეზე სახელის მოხვეჭას აპირებ, მაშინ ძალიან დიდი კონკურენციისთვის უნდა იყო მზად. ხოლო თუ არ იცი რომელ პლატფორმაზე შეაჩერო არჩევანი, იქნებ ამ ცხრილის საშუალებით მაინც შეძლო უკეთესის ამორჩევა.
ხოლო, თუ ფრილანსერობისთვის მომავლის პროფესიის შესწავლა, ან არსებული ძალების გაუმჯობესება გინდა, მაშინ ჩვენს კურსებზე დარეგისტრირდი 🚀
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში