fbpx




24 თებერვალი 5 წუთში წასაკითხი

რა არის ჭკვიანი კონტრაქტი?

განსაზღვრება

 

ჭკვიანი კონტრაქტის მიზანი ხელშეკრულების პირობების დადგენაა, რომელიც კომპიუტერული კოდის გამოყენებით იწერება. 

ჭკვიანი კონტრაქტები Blockchain ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, კერძოდ მისი ამოქმედება 2013 წელს, Ethereum-ის შექმნას უკავშირდება. ბლოკჩეინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ოპერაციები, გადაიტანონ ინფორმაცია თუ მატერიალური ღირებულება და ეს ყველაფერი ბანკების შუამავლობის გარეშე. 

ამრიგად, ჭკვიანი კონტრაქტები აფართოებს ბიტკოინის ძირითად იდეას – ფულის გაგზავნასა და მიღებას “სანდო შუამავლის”, ბანკის გარეშე – იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ნებისმიერი სახის გარიგების ან ტრანზაქციის უსაფრთხო ავტომატიზაცია და დეცენტრალიზაცია. 

ამრიგად, ის, რაც ჭკვიან კონტრაქტებს „ჭკვიანს“ ხდის, იურისტის მაგიდაზე თავმოყრილი დოკუმენტების ნაცვლად ბლოკჩეინზე კოდად დაწერილი პირობებია.

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ჭკვიანი კონტრაქტები?

 

ჩვეულებრივ, გარიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანები იძულებულნი არიან სასამართლომდე მივიდნენ, დახარჯონ უამრავი თანხა და დრო იმისთვის, რომ  თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. ჭკვიანი კონტრაქტები სწორედ მსგავს სიტუაციებს აგარიდებთ თავიდან, მისი საშუალებით ნებისმიერი სირთულის ოპერაციას შეასრულებთ, იქნება ეს ფულის, აქციების, ქონების თუ სხვა აქტივების უსაფრთხო გაცვლა. როგორც უკვე ვთქვით ეს ყველაფერი შუამავლების მონაწილეობისა და დროში გაწელილი პროცედურების გვერდის ავლითაა შესაძლებელ. 

ჭკვიანი კონტრაქტით მომუშავე აპებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს“ ან „dapps“ – ის მოიცავს დეცენტრალიზებულ ფინანსურ ტექნოლოგიას (DeFi) (რა არის Defi), რომელიც მიზნად ისახავს საბანკო ინდუსტრიის გარდაქმნას. DeFi აპლიკაციები საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტის მფლობელებს ჩაერთონ რთულ ფინანსურ ტრანზაქციებში, ეხება ეს დაზოგვას, სესხს თუ დაზღვევას. ეს ყველაფერი კი ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გარეშე და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. 

ზოგიერთი პოპულარული ჭკვიანი კონტრაქტი მოიცავს:

Uniswap: დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სმარტ კონტრაქტის მეშვეობით ივაჭრონ გარკვეული სახის კრიპტოვალუტით, ცენტრალური ორგანოს მიერ გაცვლითი კურსის დადგენის გარეშე.

Compound: პლატფორმა, რომელიც იყენებს ჭკვიან კონტრაქტებს, რათა ინვესტორებს მიეცეს ინტერესი-პროცენტი, ხოლო მსესხებლებმა მყისიერად მიიღონ სესხი, ბანკის საჭიროების გარეშე.

USDC: კრიპტოვალუტა, რომელიც სმარტ კონტრაქტით არის მიბმული აშშ დოლართან, რის შედეგადაც ერთი USDC ერთი აშშ დოლარი ღირს. UDDC არის ციფრული ფულის ახალი კატეგორიის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც stablecoins.

მაშ, როგორ გამოიყენებდით ჭკვიანი კონტრაქტის შესაძლებლობებს? 

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ Ethereum, რომლის ვაჭრობაც გსურთ USDC-ით. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ რამდენიმე Ethereum-ი Uniswap-ში, რომელიც ჭკვიანი კონტრაქტის საშუალებით ავტომატურად გიპოვის საუკეთესო გაცვლით კურსს, განახორციელებს ვაჭრობას და გამოგიგზავნოთ თქვენს USDC-ს. ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი USDC-ის ნაწილი ჩადოთ Compound-ში, რათა  სხვებისთვის გასცეთ სესხი და მიიღოთ ალგორითმულად განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი – ეს ყველაფერი ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გარეშე.

 

 

როგორ მუშაობს ჭკვიანი კონტრაქტები?

 

ჭკვიანი კონტრაქტები პირველად 1990-იან წლებში კომპიუტერის მეცნიერმა და ადვოკატმა, ნიკ საბომ შემოგვთავაზა. ის ჭკვიანი კონტრაქტების მუშაობას შემდეგნაირად განმარტავს – აქტივი ან ვალუტა გადადის პროგრამაში, რის შემდეგაც იგი იწყებს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს. მათი დასრულებისთანავე, გამყიდველი იღებს თანხას, ხოლო მყიდველი იღებს საქონელს. მისივე ცნობილი შედარებაა სმარტ კონტრაქტების მუშაობასა და ავტომატთან,   რომელშიც აგდებთ მონეტას და იღებთ საქონელს შუამავლების და მესამე მხარის გარეშე.

ამჟამად Ethereum არის ყველაზე პოპულარული ჭკვიანი კონტრაქტის პლატფორმა, მაგრამ არსებობს სხვა პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ სმარტ კონტრაქტი (მათ შორის EOS, Neo, Tezos, Tron, Polkadot და Algorand). ჭკვიანი კონტრაქტის კოდი არის გამჭვირვალე და საჯაროდ შემოწმებადი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია დაინახოს, თუ რა ლოგიკას მიჰყვება ჭკვიანი კონტრაქტი ციფრული აქტივების მიღებისას.

Solidity – Programming language for Smart Contracts – BitcoinWiki

  • ჭკვიანი კონტრაქტები იწერება პროგრამირების სხვადასხვა ენაზე (მათ შორის Solidity, Web Assembly და Michelson). Ethereum ქსელში, თითოეული ჭკვიანი კონტრაქტის კოდი ინახება ბლოკჩეინზე, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეამოწმოს კონტრაქტის კოდი და მისი მიმდინარე ფუნქციონირება.
  • თითოეული „ნოდი“ ინახავს ყველა არსებულ ჭკვიანი კონტრაქტის ასლს და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ბლოკჩეინთან და ტრანზაქციის მონაცემებთან ერთად.
  • როდესაც ჭკვიანი კონტრაქტი მომხმარებლისგან სახსრებს იღებს, მისი კოდი შესრულებულია ქსელის ყველა ნოდის მიერ, რათა ამ შედეგისთვის კონსენსუსს მიაღწიოს. ეს არის ის, რაც საშუალებას აძლევს ჭკვიან კონტრაქტებს უსაფრთხოდ იმუშაონ ყოველგვარი ცენტრალური ავტორიტეტის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც რთულ ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ უცნობ სუბიექტებთან.
  • Ethereum-ის ქსელზე ჭკვიანი კონტრაქტის შესაქმნელად თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ საფასური, სახელწოდებით „gas”.
  • ბლოკჩეინზე განლაგების შემდეგ ჭკვიანი კონტრაქტები, როგორც წესი ვეღარ შეიცვლება, თუნდაც მისი შემქმნელის მიერ (არსებობს გამონაკლისები). ეს იმას იშნავს, რომ მისი ცენზურა ან დახურვა შეუძლებელია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ ჭკვიანი კონტრაქტის აღქმაში. აშკარაა, მალე ის მთელ მსოფლიოში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დამკვიდრდება, რამდენადაც მისი მოხმარება მნიშვნელოვნად დაზოგავს სახსრებს და დროს. ამასთან, მას შეუძლია გააქროს საზღვრები ქვეყნებსა და საქმიანობის სფეროებს შორის. 

მსგავსი სიახლეები