fbpx




29 ნოემბერი 8 წუთში წასაკითხი

როგორი იქნება რეკლამის ციფრული მომავალი? 🚀

როცა რომელიმე დიდ ბრენდზე ფიქრობ, პირველი რა გახსენდება? ალბათ მისი პროდუქტები, სიახლეები და ხშირად რეკლამებიც კი. აი მაგალითად კოკა-კოლა ბევრისთვის ახალ წელთან და შობასთან ასოცირდება – ამ ბრენდის რეკლამები ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდის ხოლმე და შეუძლებელია რომ ყურადღება არ მიიპყროს. თუნდაც Samsung, რომლის უახლესი ტექნოლოგიები ყოველთვის გაკვირვებულს ტოვებს მომხმარებლებს, ისინიც ძალიან გამორჩეულები არიან ამ საკითხში, იქნება ეს სატელევიზიო რეკლამა, Facebook რეკლამა თუ სხვა. მოკლედ, რეკლამის გარეშე არცერთი ბიზნესი არ ოპერირებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიზნესი წარმატებულია თუ არა.

მართალია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზას, რომ მომხმარებელმა შენი ხმა გაიგოს, Word of mouth-ია, რომელიც ძალიან მაღალ ეფექტურობასთან ერთად, უფასო რეკლამა არის, რაც კიდევ უფრო სარგებლიანს ხდის მას, თუმცა ამას არცერთი წარმატებული ბრენდი არ სჯერდება. მართალია Word of Mouth-ით სარგებლობს უამრავი წარმატეული ბრენდი, მათ შორის Mercedes, Apple, Samsung, მაგრამ მათთვის რეკლამა და პრომოცია მაინც უმნიშვნელოვანესი რჩება და ასე ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას. ხოდა მოკლედ, დღეს რეკლამაზე უნდა მოგიყვე – როგორ იცვლება რეკლამის კეთების ხელოვნება წლიდან წლამდე და რახდება გარდამავალ პერიოდში, ანუ მაშინ, როცა ყველაფრის გაციფრულება რეკლამის გაციფრულებასაც იწვევს. აბა წავედით 👇🏻

ბეჭდური მედია 🗞

მანამ, სანამ გაჩნდებოდა რეკლამა ტელევიზიაში, Facebook რეკლამა და სხვა თანამედროვე წყაროები მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის, ყველა კომპანია ბეჭდურ მედიას იყენებდა. ძირითადად ეს იყო ჟურნალები, გაზეთები და სხვათაშორის, ბეჭდური რეკლამა ბროშურებსა და წერილებსაც მოიცავს. უბრალოდ, ამაზე საუბარს ჩვენს რეალობაში ნაკლები აზრი აქვს, რადგან ჩვენ არც საფოსტო ყუთი არ გვაქვს და დიდად არც ბროშურების დარიგებით არ იწუხებენ თავს. მართალია ერთი პერიოდი ბევრი იყენებდა, მაგრამ სულ რამდენიმე წელი იყო ეს ამბავი და ახლა რეკლამის ეს მეთოდი, მგონი, გადაშენების პირასაა.

აი რაც შეეხება ჟურნალებსა და გაზეთებს, მართალია აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს, მაგრამ უფუნქციოდ ნამდვილად არ დარჩენილა. გაზეთებს დღემდე კითხულობს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია და შესაბამისად, მასში დაბეჭდილი რეკლამაც დღემდე იქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, რადგან გაზეთებს უფრო ხანშიშესული ადამიანები კითხულობენ, მათი ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს რეკლამაც და არანაირი აზრი არ აქვს მათთვის Iphone 13-ის დარეკლამებას.

ჟურნალებზე ცოტა სხვაგვარადაა საქმე. ყვითელ პრესაზე თუ ვსაუბრობთ, ეს გაზეთებისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ თუ საქმე Forbes Georgia-ს, Entrepreneur Georgia-ს ეხება, მაშინ სხვაგვარად არის საქმე. მართალია საქართველოში ასეთი ტიპის ჟურნალებს ძალიან ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კონკრეტულ აუდიტორიაზეა შესაძლებელი გასვლა. მომხმარებელი კი, მაშინ, როცა მისთვის საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავს, ყოველი ფურცლის გადაშლისას რაღაც რეკლამასაც დაინახავს და ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანმა დააინტერესოს კიდეც.

რეკლამა

Guerilla Advertising 💡

Guerilla მარკეტინგი იმდენაც ვრცელი თემაა, რომ პრინციპში, ცალკე სტატიაც კი ეკუთვნის. მოკლედ, Guerilla Girls-ზე თუ გსმენია რამე? ისინი ანონიმურ ჯგუფს წარმოადგენდნენ (გორილას ნიღბებით იფარავდნენ სახეს და ეს ტერმინიც აქედან შემოგვრჩა), რომლებიც მსოფლიომ მათი პოსტერებით და არამეინსტრიმული აზრების გაჟღერებით გაიცნო. მათი კვალი მარკეტინგში ნამდვილად დიდია, რადგან პრინციპი, რაზეც თანამედროვე მარკეტინგია აგებული, სწორედ მათ მიერ არის შემოღებული – მიზნობრივი და ეფექტური რეკლამა. Guerilla Girls-ს არ ჰქონდათ დიდი ბიუჯეტი, მაგრამ ნაკლები ბიუჯეტით და კრეატიული მიდგომებით ახერხებდნენ ხალხის ყურადღების მიპყრობას. თავიდან ეს პატარა ბრენდების შთაგონების წყარო გახდა, მაგრამ მერე, დიდმა კომპანიებმაც აიტაცეს. მაგალითისთვის კოკა-კოლას ეს ვიდეო შეგიძლია ნახო

სატელევიზიო და რადიო რეკლამა 📻

სატელევიზიო რეკლამა ჯერ კიდევ ყველაზე ძვირადღირებულ და ფართო აუდიტორიისთვის გათვლილ რეკლამად ითვლება. მართალია სოციალური მედიიის გავლენა იზრდება და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გვხვდება რეკლამა ინტერნეტში, მაგრამ ტელევიზიის როლი ჯერ კიდევ არ დაკარგულა. ძირითადი კითხვა რაც ისმის ამ თემის გარშემო არის ის, თუ რა ღირს რეკლამა ტელევიზიაში. ცხადია გააჩნია არხს და გადაცემა, თუმცა ნებისმიერ არხზე განთავსება უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე ფეისბუქ რეკლამა.

რაც შეეხება რადიოს, ნელ-ნელა აქტუალობას სულ უფრო კარგავს, მაგრამ მათი ყურადღების მიქცევა მაინც შესაძლებელია, ვინც ამ ქაოსსა და მუდმივ საცობებში დიდ დროს ატარებს.

რა ღირს რეკლამა ტელევიზიაში

გარე რეკლამა

ბილბორდები, რეკლამა მეტროში, რეკლამა ტაქსზე და რეკლამა ყველგან, სადაც ადამიანის თვალი გაწვდება. საქართველოში, ხშირად ეს ყველაფერი არც ისე ესთეტიური ფორმით ხდება. მართალია თავის საქმეს მაინც ასრულებს – ბრენდი მომხმარებლის ყურადღებას იქცევს და თავს ამახსოვრებს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს არამარტო რეკლამის წყაროა, არამედ ქალაქის იდენტობის განმსაზღვრელია.

გარე რეკლამა

Product Placement

ქართულ სატელევიზიო გადაცემებში ალბათ ხშირად შეგხვედრია, როცა კონკრეტული ბრენდის წვენი ან გაზიანი სასმელი დევს მათ მაგიდაზე. ეს Product Placement-ის ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა ბრენდი ფულს უხდის გადაცემას ან სერიალს, რომ მათ პროდუქტი გამოჩნდეს. სამწუხაროდ, ამას ხშირად ძალიან გამოსაჩენად აკეთებენ. რატო სამწუხაროდ? რადგან, Product Placement-ის მთელი მუღამი ზუსტად ის არის, რომ ამაზე ყურადღება არც მსახიობმა და არც წამყვანმა არ უნდა გაამახვილოს. თუ წამყვანი ყოველ 5 წუთში იმას იტყვის, რომ მისი სპონსორი კოკა-კოლაა, მაშინ ეს Product Placement კი არა, უბრალოდ რეკლამა გამოდის. მაგრამ, თუ სერიალის ყველა სერიაში, ყველა პერსონაჟი კოკა-კოლას დალევს და არა პეპსის, ეს მომხმარებლის ყურადღებას მაინც მიიქცევს და არც ხელოვნური არ გამოვა.

როგორ გავაკეთოთ რეკლამა

ონლაინ რეკლამა

ალბათ ხვდები, რომ სტატიის ამ ნაწილს ყველაზე დიდი დრო უნდა დავუთმო. დარწმუნებული ვარ უამრავჯერ გქონია შემთხვევა, როცა ერთ დღეს რაღაც პროდუქტს ათვალიერებდი შენს სმარტფონში. საბოლოო ჯამში მისი ყიდვა გადაიფიქრე და შეიზლება გადაგავიწყდა კიდეც, მაგრამ ვინ გაცდის დავიწყებას 🙂 იმავე დღეს სმარტფონზეც, ლეპტოპზეც და მალე ალბათ სიზმარშიც, ყველგან ეს პროდუქტი დაგხვდება. ცოტა საშიშად კი ჟღერს, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია. ხოდა, მოდი ამ რეალობის შესაბამისი ცოდნაც დავაგროვოთ

სოციალური მედია – უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს კომპანიების 28.5% იყენებს სოციალურ მედიას. უცხოურ ბაზარზე ეს რიცხვი 50%-მდე ადის, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენთან ძალიან მზარდი ტენდენციაა და ადრე თუ გვიან ძალიან მივუახლოვდებით ამ 50%-იან ნიშნულს. მართალია Twitter-ს და Linkedin-ს ნაკლებად ვწყალობთ ქართველები, მაგრამ Facebook და Instagram ნამდვილად კარგად გვაქვს ათვისებული და მომხმარებელთან კომუნიკაციასაც ნელ-ნელა ვსწავლობთ: იქნება ეს რეკლამის კეთება, თუ უბრალოდ სიახლეების მიწოდება.

SEO – Search Engine Optimization ე.წ. Inbound მარკეტინგის ერთ-ერთი მაგალითია. ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ საძიებო სისტემებში ხეტიალისას მათ ბრენდს მიაგნოს და ყოველგვარი რეკლამის გარეშე მოახერხოს მათი დაინტერესება. უფრო მეტი თუ გაინტერესებს SEO-ზე, შეგიძლია ჩვენი სტატია წაიკითხო.

Google AdSense – Google AdSense კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც კონკრეტული მომხმარებლებისა და აუდიტორიის ტარგეტირების საშუალებას გაძლევს. საიტის მომხმარებელი ამ პროგრამის საშუალებით ზუსტად იმ რეკლამას ნახულობს, რომელიც მისთვის რელევანტური და საინტერესოა.

ბანერები საიტებზე – ქართულ ონლაინ სივრცეში ეს ბევრად უფრო გავრცელებული რეკლამის სახეა, ვიდრე Google AdSense. საიტზე შესვლისას რომ აჭრელებული გხვდება ეკრანი (ძირითადად ტოტალიზატორის და შენთვის უსარგებლო კომპანიების) რეკლამებით, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ. Google AdSense თუ თავად განსაზღვრავს რომელი რეკლამა უნდა გაჩვენოს, აქ საიტის ადმინისტრაცია უთანხმდება კომპანიას და შესაბამისად, ნაკლებად ტარგეტირებული რეკლამის სახეა.

მოკლედ, ვეცადე, რომ რეკლამის ძირითად ტიპებზე მომეყოლა და ზოგი მათგანი მაგალითის სახითაც მეჩვენებინა. მართალია ბეჭდური რეკლამა ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ისევე, როგორც ტელევიზია და რადიო, მაგრამ აქცენტს უკვე ყველა ციფრულ სამყაროზე უნდა ვაკეთებდეთ, რადგან წინ, ციფრული ლაბირინთებით დახუნძლული საუკუნე გველის 🤟🏻

მსგავსი სიახლეები