fbpx




12 ოქტომბერი 3 წუთში წასაკითხი

ჩვენი ლექტორი, მარიამ კაჭარავა, Adobe Max-ზე მიიწვიეს! 😮

თუ Adobe-ს შესახებ ერთხელ მაინც გსმენია, ალბათ იცი რამდენად გიგანტურ კომპანიასთან გვაქვს საქმე: 50-ზე მეტი პროგრამა, მათ შორის Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe XD და Adobe Premiere Pro. მოკლედ რომ გითხრა, რაც კი ციფრულ სივრცეში ვიზუალი გხვდება, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი, ყველაფერი Adobe-ს დამსახურებაა. ხოდა წარმოიდგინე, ასეთი გიგანტი რომ გიწვევს თავის გუნდში ვორქშოფზე სამუშაოდ, რამდენად მაგარია, არა?! თანაც, როგორც ვიცი, პირველი ქართველია, რომელიც Adobe Max-ზე მიიწვიეს 🇬🇪🤟🏻

ჩვენ ეს ემოციები და ამ ამბის მნიშვნელობა კარგად ვერ გადმოგვეცა და ამიტომ თავად მარიამ კაჭარავას მივაკითხეთ და შენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამ სტატიაში, თან უკეთ გაგაცნობ ჩვენს გრაფიკული დიზაინის ლექტორს, და თან თავის დიდ წარმატებაზეც მოგვიყვება


როდის დაიწყე გრაფიკული დიზაინი და რატომ შეაჩერე ამ პროფესიაზე არჩევანი? 🖌

ხატვა ჩემთვის დიდი ხანია ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დაახლოებით 4 წლის წინ, მაშინ, როცა ჩემი მთავარი გატაცება ფურცელზე ხატვა იყო, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სხვა სივრცეში უნდა გადამეტანა. მინდოდა ჩემი ნამუშევრები ციფრული გამხდარიყო და ასე უფრო მეტი ადამიანისთვის მეჩვენებინა ის, რისთვისაც ამდენ ენერგიას და დროს ვხარჯავდი.

მთავარი მიზეზი, რატომაც გრაფიკული დიზაინერობა გადავწყვიტე სიამოვნების მიღებაა – ის საქმე თუ არ მოგწონს, რასაც მთელ დღეს უთმობ, მაშინ უბრალოდ შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. მე ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ და ვფიქრობ, რომ კიდევ დიდ ხანს დავრჩები ამ სფეროში.

როგორ მოხვედი Adobe Max-მდე?

ვფიქრობ, რომ ვერცერთი ტუტორიალი, პლატფორმა ან ლექტორი ვერ დაგადებინებს ისეთ შედეგს, როგორსაც შენ დადებ საკუთარ თავზე მუშაობით. ყველა სფეროში და მათ შორის გრაფიკულ დიზაინშიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითგანვითარების სურვილია. როცა ვიზუალებზე მუშაობისას ისე ღამდებოდა და თენდებოდა, რომ ვერც კი ვამჩნევდი, მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რისთვისაც მიღირდა მთელი დღე ეკრანთან ჯდომა და ჩემი ემოციების გრაფიკულად გადმოცემა.

რა არის Adobe Max?

ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, გრაფიკული, მოუშენ და ვებ დიზაინერებისთვის Adobe-ს პროგრამები მეორე სახლივითაა: მთელ დღეს მასში ვატარებთ და მთელი ჩვენი ფანტაზია და გონება მისკენაა მიმართული.

Adobe Max დიზაინერებისთვის წლის მთავარი მოვლენაა. ყოველ წელს აქ ვიგებთ რა იქნება მომავალი წლისთვის ტრენდული, რა იქნება მოთხოვნადი და კიდევ რა გააუმჯობესა კომპანიამ მის პროგრამებში. ამ ღონისძიებას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მოუთმენლად ელის – დამსაქმებლებიც და დიზაინერებიც.
კონკრეტულად რისი გაკეთება მოგიწევს Adobe Max-ზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს წარმატება შენთვის?

Adobe-ს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული გუნდია მსოფლიოში. ამ ღონისძიებისთვის კომპანია ეძებს საუკეთესო კანდიდატებს, რომ მათი პროგრამების გასაუმჯობესებლად დავალებები მისცეს მათ. წარმოიდგინეთ როგორი გრძნობაა, როცა ასეთ გუნდში შენ გარჩევენ და ღამის 4 საათზე ასეთი წერილი მოგდის ელ-ფოსტაზე 👇🏻

ტირილის გარდა სხვა რა ემოცია უნდა მქონოდა არც ვიცოდი. გრაფიკული დიზაინერისთვის ამაზე დიდი სიხარული რა შეიძლება იყოს, ახლაც ვერ ვხვდები. მალევე, კიდევ ერთი წერილი მომივიდა – თითქოს წინაზე ვერ გამახარეს საკმარისად და ამჯერად უფრო თბილადაც მომმართეს 🥰

როგორ აღმოჩნდი Adobe-ს კანდიდატთა სიაში?

ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ მე არანაირი ინიციატივა არ გამომიჩენია. ვაკეთებდი იმას, რასაც ბოლო 4 წელია ვაკეთებ: ვმუშაობდი საკუთარ ნამუშევრებზე და მათ Behance-ზე ვანთავსებდი. როგორც ჩანს, ჩემი პორტფოლიოთი დაინტერესდნენ და ჩემი ხედვა მოეწონათ, რაც კიდევ უფრო მეტად მახარებს 💪🏻

რას ეტყოდი დამწყებებს და განსაკუთრებით შენს მომავალ, თუ ახლანდელ სტუდენტებს?

მთავარი რაც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო არის მოთმინება და მონდომება. ეს ნამდვილად არ არის ის საქმე, რასაც ორ დღეში “დაამუღამებ”. იმდენად ამოუწურვადი შესაძლებლობები აქვს Adobe-ს პროგრამებს, რომ ბევრი მათგანი შესაძლოა ჯერ კიდევ არ ვიცი. მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ დიდი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა არის ამ სფეროში წარმატების მისაღწევად გასავლელი, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე და წარმატება აუცილებლად დაგხვდებათ 🙌🏻

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შენც თუ მოგინდა გრაფიკულ დიზაინში წარმატების მიღწევა, მაშინ მარიამ კაჭარავას კურსებზე შეგიძლია დარეგისტრირდე 🤓

მსგავსი სიახლეები