ციფრული ტექნოლოგიების არანორმალურ განვითარებას ყველანი ერთად ვადევნებთ თვალყურს. ჩვენს თვალწინ იქმნება ახალი პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტა და ა.შ. სწორედ ასეთივე გავლენის მქონე სიახლე აქვს 21-ე საუკუნეს ჩვენთვის, რომელიც ალბათ მომავალში დღის წესრიგს სრულიად შეცვლის – საუბარი გვაქვს NFT-ზე.
რა არის NFT? 🤔
NFT – non-fungible token (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი). ცხადია ეს სრულიად გაუგებარი სიტყვები არაფერს არ გვეუბნება, ამიტომ ცოტა მარტივად ვთქვათ: “Non-fungible” ნიშნავს უნიკალურობას, იმას, რომ რაღაცის ჩანაცვლება არის შეუძლებელი. მაგალითად ბიტკოინი ჩანაცვლებადია (fungible), რადგან თუ 1 ბიტკოინს მეორეში გაცვლი ამით არაფერი შეიცვლება: ისივე იგივე რაოდენობისა და ფასის ბიტკოინი გექნება, მაგრამ თუ მაგალითად ვსაუბრობთ უნიკალურ თრეიდინგ ბარათზე, მაშინ ის არა-ჩანაცვლებადი (non-fungible) გამოდის, რადგან თუ სხვა ბარათში გაცვლი რადიკალურად განსხვავებულს დაეუფლები.
როგორ მუშაობს NFT?
NFT არის Ethereum blockchain-ის ნაწილი. Ethereum არის კრიპტოვალუტა, ისეთივე, როგორიც არის ბიტკოინი, მაგრამ მისი ბლოკჩეინი გვაძლევს სხვა ბენეფიტებსაც, მათ შორის NFT-ს გამოყენების საშუალებასაც.
რისი ყიდვა შეიძლება NFT “სუპერმარკეტში”? 💻
NFT შეიძლება იყოს ყველაფერი ციფრული, მათ შორის ნახატი, მუსიკა, მოგონებებიც კი. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად ციფრული ხელოვნება იყენებს NFT-ს, რადგან უკვე უამრავი ნახატი შეიქმნა ციფრულად და აუქციონებიც კი მოეწყო.
ანუ შეიძლება კარგი facebook 📱 პოსტებიც შეიძლება გაიყიდოს?
თუ ვინმე მყიდველს იპოვი რატომაც არა, მაგრამ ალბათ გაგიჭირდება. სამაგიეროდ, ხელოვნებაზე და მის მომავალზე NFT პირდაპირ გავლენას მოახდენს. რამდენიმე თვის წინ მოწყობილ აუქციონზე ციფრული ნახატი 69 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც პირდაპირ გვეუბნება იმას, თუ რამდენად დიდი მომავალი აქვს NFT-ს.
ხომ შეიძლება ის ციფრული ნახატი დავაკოპირო და მეც მქონდეს?
სწორედ ეს არის NFT-ს მთელი არსი: ის გაძლევს საკუთრებაში ქონის საშუალებას. კლოდ მონეს ნახატის ასლიც შეიძლება გქონდეს სახლში, მაგრამ ეს მის მფლობელად არ გაქცევს. NFT მფლობელს აძლევს საშუალებას, რომ მხოლოდ მას ჰქონდეს საკუთრება ნახატზე ან ნებისმიერ ციფრულ ნამუშევარზე ისე, რომ ამის მოპარვა შეუძლებელია.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არის ეს სიახლე გამაოგნებელი? რაში უნდა დამჭირდეს NFT?
გააჩნია შემსრულებელი ხარ თუ მყიდველი. თუ ვსაუბრობთ შემსრულებელზე, ანუ ხელოვანზე, მას აქვს საშუალება არ დაკარგოს კონტროლი ნახატზე. პირველ რიგში, თუ გრაფიკულ დიზაინერს მოუვა რაღაცის დახატვის იდეა, რას იზამს, მესენჯერში გაყიდის? ცხადია NFT-ს საშუალებით გაყიდვა ბევრად მარტივია. ასევე ხელოვანს შეუძლია ჰქონდეს პირობა, რომ ყოველ შემდეგ გაყიდვაზე, ანუ თუ ახალი მფლობელი ისევ გადაწყვეტს გაყიდვას, მან მიიღოს პროცენტი. რეალურ ცხოვრებაში ამის კონტროლი თითქმის შეუძლებელია, მაგრამ NFT ამ ყველაფერს რეალურს ხდის.
თუ მყიდველზე ვსაუბრობთ, ეს ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ტილოზე შესრულებული ნახატის ყიდვა. ყიდულობ ნახატს და მოგწონს ორი რამ: ის, რომ ამ ნამუშევარს შენ ფლობ და ის, რომ მისი ფასი შეიძლება ძალიან გაიზარდოს.
ამ სტატიის ყიდვაც შეიძლება NFT-ს სახით? 📑
ტექნიკურად ყველაფრის ციფრულად ყიდვა შეიძლება როგორც NFT, მათ შორის ამ სტატიისაც. შეძენის შემთხვევაში ყველას ეცოდინება, რომ ეს სტატია მხოლოდ შენ გეკუთვნის. NFT-ს და Metaverse-ს შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას მოახდენს, მათ შორის ორიგინალისა და “ფეიქის” გარჩევის კუთხითაც: Nike-მა მისი ფეხსაცმელების ამოსაცნობად NFT სისტემა გამოიყენა, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს რომელი არის მისი გამოშვებული და რომელი არა: ამ მეთოდს Cryptokicks დაარქვეს. ანუ მალე არაორიგინალი პროდუქტებით მომხმარებლის მოტყუება წარსულს ჩაბარდება.
📌 გასაგებია, მაგრამ სად ხდება ეს ყველაფერი?
პირველ რიგში უნდა გქონდეს Ethereum-ს კრიპტოსაფულე, ანუ იმ კრიპტოვალუტის, რომელიც ვახსენეთ და რომლის ბლოკჩეინზეც არის აგებული NFT. ასეთი საფულეა Binance, Blockchain და ა.შ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლია დარეგისტრირდე სხვადასხვა პლატფორმაზე: OpenSea, Rarible, Nifty Gateway და განათავსო შენი ციფრული ნამუშევარი და ამავე პლატფორმებზე გაყიდო.
რამდენად დაცულია ეს ყველაფერი? 🔒
ამაზე მეტად დაცული არც კი ვიცი რა არის. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მთავარი არსი ის არის, რომ დეცენტრალიზებულია, არავის ხელში არ არის და მისი გატეხვა, ან მასზე არსებული ინფორმაციის მოპარვა შეუძლებელია. ასე რომ შეგიძლია ნებისმიერ პლატფორმაზე შენი ნამუშევრები განათავსო, ხოლო უსაფრთხოებაზე არ იდარდო.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში